„ვფიქრობ, რომ ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ [ასეთი განცხადებების], მაგრამ ქართველები უნდა იყვნენ მიზანმიმართულებიც. მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ უარი თქვან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, უარი თქვან რუსეთზე, უარი თქვან ასეთ განცხადებებზე, რომელიც ცდილობს რომ დეჰუმანიაზაცია მოახდინოს და ქართველებს ეროვნული იდენტობა წაართვას",- ასეთ კომენტარს აკეთებს ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“ დმიტრი მედვედევის განცხადებაზე.
ადამ კინზინგერი თვლის, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებით, რუსეთი ახლა, მხოლოდ მრისხანე იმიჯის შექმნას ცდილობს: „მიზეზი, რატომაც ვამბობ, რომ ახლა თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ზედმეტად ისაა, რომ უკრაინაში რუსეთმა აჩვენა, რომ ე.წ ქაღალდის ვეფხვია.
ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს, საფრთხე ნამდვილადაა, მაგრამ ქართველებმა რუსეთს ძლიერი პასუხი უნდა გასცენ და თქვან: ჩვენ განსაზვრული გვაქვს, რომ საკუთარი თავის პატრონები ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს მეზობელთან, მაგრამ მოწოდებული ვართ, რომ დამოუკიდებლები და სუვერენულები ვიყოთ. როდესაც რუსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ისინი ამას შიშის გამო ამბობენ."
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გავრცელდა ტექსტი, რომელშიც მედვედევი წერდა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, რუსულ იმპერიაში გაერთიანებამდე არ არსებობდა და რომ ის კვლავ თავისი ჩრდილოელი მეზობლის ნაწილი უნდა გახდეს.
მედვედევის პოსტის ასლი თავის ტელეგრამ-არხზე რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის გვერდი გატეხეს.
მოგვიანებით, დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ ოლეგ ოსიპოვმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ВКонтакте მედვედევის გვერდი გატეხეს.