მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე ჰექტარით გაფართოვდება. შესაბამის შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „ჰუალინგს“ შორის მოეწერა ხელი.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობთ, როგორც შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, „ჰუალინგის“ ქუთაისის ინდუსტრიული ზონის გაფართოება საშუალებას მისცემს კომპანიას განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები და დაასაქმოს ასობით მოქალაქე.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და მოსახლეობის დასაქმება. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ რამდენიმე მილიონიანი დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს სწორედ ამ შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ასობით ადამიანი დაასაქმოს უახლოეს წლებში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„გაფართოების შედეგად დამატებით შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს მოკლე დროში შეძლონ სხვადასხვა საწარმო-გადამამუშავებელი პროექტების თუ სასაწყობე მეურნეობის შექმნა ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.