ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ზაპორიჟიეს ტერიტორიის დაბომბვა. ამის შესახებ მან Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა.

„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში და უკრაინის მხარეს გადასცეს ყველა ატომური ელექტროსადგური უკრაინაში”, - წერს ესტონელი დიპლომატი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 6 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა გაანხორციელეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურსა და ამავე ოლქის ქალაქ ენერჰოდარზე. 


ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. 

Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.