ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება

მინდა, ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება და გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, ჩვენის სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

„ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, მათ ღირსეულად დაიცვეს თავი, დაიცვეს ჩვენი სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს. ახლა კიდევ ერთხელ მოვისმენთ მათი რეალური ისტორიები, გმირობის ისტორიები და გმირობის მაგალითები, რომელიც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩაიდინეს, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. მინდა, ვუსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება. ძალიან სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, დანარჩენ თარიღებზე საუბარს სპეკულაციებს, გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ. მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი-რვა აგვისტო საერთოდ არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის რვა აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. მთავარი არის არის შემდეგი, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი, ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაასწორეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.

ასევე წაიკითხეთ:

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.