აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: ვერაფერი დამავიწყებს და გამინელებს აგვისტოს იმ დღეების ტკივილს... დღეს რუსეთი იმავეს სჩადის უკრაინაში

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე აგვისტოს მძიმე დღეებს იხსენებს და ამბობს, რომ 2008 წელს მსოფლიოს რუსეთ-საქართველოს ომთან მიმართებით სხვა დამოკიდებულება რომ ჰქონოდა, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა. 

ET: მაკა დღეს, როცა რუსეთი უკვე უკრაინაში აკეთებს იმას, რაც საქართველოში 2008 წელს გავიარეთ, როგორ შეაფასებდით ამ მოვლენებს 14 წლის შემდეგ?

  • რა თქმა უნდა ვერასდროს ვერაფერი დამავიწყებს და გამინელებს აგვისტოს იმ დღეების ტკივილს... ჩვენი, მე და გიორგის მეორე შვილი ანა მამამისის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა. მამა არასდროს უნახავს. ანა დღეს 13 წლის არის, ხოლო ლევანი - 14 წლის. ლევანი ხელში ჰყავს მამას აყვანილი, ანას გაცნობა კი ვერ მოასწრო... დღეს რუსეთი იმავეს სჩადის უკრაინაში... 2008 წელს ყველას რომ ერწმუნა მისი სასტიკი სახის, ალბათ, უკრაინაში ეს ომი არ იქნებოდა. ამიტომაა საჭირო ბოროტების წინააღმდეგ  ყველას ერთიანობა.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, რუსს სამხედროებს ტყვედ ჩაუვარდა დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა... რუსულ მედიაშიც კი გაჟონა ინფორმაციამ რომ თავისი თავგანწირვით ოკუპანტებიც კი გააკვირვა. გიორგი ანწუხელიძე რუსმა სამხედროებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. ომში რომ წავიდა, მისი ბიჭი - ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე - მეორე ბავშვზე ორი თვის ორსული...