აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცახდა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს NATO-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
მისი თქმით, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რამდენიმე წლის წინ, ამ საკიხზე „რასმუსენის ფორმულა“ წარმოადგინა.
„ანუ საქართველო და NATO განაცხადებენ, რომ არც საქართველო და არც NATO არ უჭერენ მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ძალისმიერ ოპერაციას, არამედ მხარს უჭერენ მათ მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოში. ამასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ იმ პირობით, რომ NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი გავრცელდება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეს მუხლი გავრცელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მშვიდობიანი გზით რეინტეგრაცია მოხდება საქართველოსთან. ანუ საქართველოსთვის ფორმულა არსებობს“, – განაცხადა ვოლკერმა.
ვოლკერის თქმით, უკრაინის შემთხვევაში ეს ფორმულა აღარ იმუშავებს, რადგან რუსეთმა საკუთარი მოქმედებით ასეთი შესაძლებლობა გააქრო.
„ამიტომ უკრაინამ უნდა იომოს, რათა დაიბრუნოს ყველა საკუთარი მიწა. უკრაინის ტერიტორიების ნაწილის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დატოვება სახიფათოა. ეს არის ის, რაც მესმის ჩემი უკრაინელი მეგობრებისა და კოლეგებისგან. ანუ უკრაინა გააგრძელებს ომს. მაგრამ თუ რაღაც მომენტში დამყარდება მშვიდობა, რასმუსენის ფორმულა ამ შემთხვევაში იმუშავებს“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა აჩვენა, რომ ევროპაში ნეიტრალურ და ბლოკგარეშე სახელმწიფოდ ყოფნა სახიფათოა.
„დაუშვებელია, რომ ომის დასრულების მომენტისთვის დარჩეს ე.წ. ნაცრისფერი ზონები, რათა რუსეთმა ისევ იგრძნოს, რომ მათზე თავდასხმა შეუძლია. ამიტომ ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, ხოლო უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა.