ტანკის მონუმენტზე Z სიმბოლოს გამოსახვისთვის ყაზახეთში კაცი დააკავეს

ყაზახეთის ყარაგანდის ოლქის ქალაქ სარანში სასამართლომ შვიდი დღით დააკავა ადგილობრივი მცხოვრები, რადგან მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის ობელისკთან მდებარე ტანკის მონუმენტზე Z სიმბოლოს გამოსახა.

სასამართლოს ცნობით, 54 წლის კაცს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 434-ე მუხლის პირველი ნაწილით („წვრილმანი ხულიგნობა“) წაუყენეს.

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების ყაზახურ სეგმენტში Z სიმბოლოთი ტანკის ფოტო გამოჩნდა, მომხმარებლებმა დამრღვევის პოვნა და დასჯა მოითხოვეს. იმავე დღეს სარანში მცხოვრები  დააკავეს.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, Z სიმბოლოს დემონსტრირება ოფიციალურად არ არის აკრძალული ყაზახეთში, თუმცა, რიგ ქალაქებში ასეთი სტიკერებით მანქანების მფლობელები ადმინისტრაციული წესით, მანქანების მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ.