სომხეთის ეკონომიკის მინისტრი: რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს

„რამდენიმე დღეში შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყოს. ამ გზით სარგებლობას ის ბიზნესოპერატორები შეძლებენ, რომელთაც ტვირთები სომხეთში გადააქვთ“, -  ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა. 

„ახლა საბოლოო სამუშაოს ვატარებთ, გრაფიკი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება“,- განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ბოლო თვეებში ქერობიანმა სავარაუდო თარიღი რამდენჯერმე დაასახელა, როცა გადაზიდვების მომსახურება გახდებოდა ხელმისაწვდომი. სომხეთის მთავრობის სხდომაზე 5 მაისს, მინისტრმა განაცხადა, რომ 15 ივნისი იყო ბოლო ვადა, როცა სომხეთი რეგულიარული საბორნე გადაზიდვებით ფოთის პორტიდან, რუსეთის პორტ „კავკაზამდე“ სარგებლობას შეძლებდა. 

12 აგვისტოს, ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო გარკვეული სირთულეები გაჩნდა. 

„მოდით დაველოდოთ ერთი-ორი დღე, დაველოდოთ რამდენიმე დღე და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იქნება... დიახ, ეს არ არის იოლი კითხვა, მით უმეტეს, რომ ასოცირდება ისეთ მძიმე გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან და ზეწოლებთან, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს“, -  განაცხადა მინისტრმა.

როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ფონზე, საქართველოს სატრანზიტო დერეფანზე დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საბაჟო პუნქტებს არ აქვთ დრო, რომ დროულად დაამუშაონ ტვირთის ნაკადი, მიუხედავად იმისა, რომ სადღეღამისო ოპერაციაზე გადავიდნენ.

ამავდროულად, საქართველოს გზა ზემო ლარსის გავლით არის ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ბორანი ამ გზის ალტერნატივაა.