ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა.
„საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო. მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს.
ინკლუზიური და და ეკოლოგიურად დაბალანსებული ზრდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენდა. 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული დახმარება და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას.
თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.
ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით.
ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. უფრო მეტიც, 2021 წელს, ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით კარგი საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის საფლაგმანო პროექტების რეალიზებისთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა.
2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია.
კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.
ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გაეცანით Europetime-ის სტატიას