რუსეთის 64-ე ბრიგადის სამხედრომ უკრაინაში სამოქალაქო პირის მკვლელობა აღიარა

რუსული გამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ ჟურნალისტებმა დაადგინეს რუსეთის ფედერაციის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროების ვინაობა, რომლებიც მაროდიორობაში, სამოქალაქო პირების ძარცვასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. ოკუპანტებიდან ერთ-ერთმა უკრაინაში სამოქალაქო პირის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

მასალა ეხება რუს ოკუპანტებს, რომლებიც თებერვლის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე იმყოფებოდნენ კიევის ოლქის მაკაროვსკის რაიონის სოფელ ანდრეევკას ტერიტორიაზე.

მათი იდენტიფიცირება იმ ტელეფონის წყალობით მოხდა, რომელიც სამხედროებმა ერთ-ერთ სოფლის მცხოვრებს მოპარეს და ფოტო გადიღეს. ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე პოზიორებდა იარაღითა და მოპარული მედლებით.

ანდრეევკას მცხოვრებლებმა სურათებზე ამოიცნეს დამპყრობლები დანილ ფროლკინი, დიმიტრი დანილოვი, რუსლან გლოტოვი და ივან შეპელენკო, რომლებმაც გაძარცვეს მათი სახლები და თანასოფლელები დახოცეს.

მათი თქმით, რუსეთის ფედერაციის სამხედროები დასახლებაში შესვლის შემდეგ კარდაკარ დადიოდნენ და ართმევდნენ პირად ნივთებს, საკვებს, ავტომობილებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

ფროლკინმა გამოცემას განუცხადა, რომ 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურებმა [აზატბეკ ომურბეკოვმა, სერგეი დმიტრენკომ, ვიაჩესლავ კლობუკოვმა, დენის რომანენკომ და ანდრეი პროკურატმა] მას და კიდევ რამდენიმე კოლეგას ანდრეევკის სამი მცხოვრების სახლებში ჩხრეკის ჩატარება უბრძანეს.

„ჩვენ ისინი შევიყვანეთ სამ სახლში, მათ დაგვათვალიერებინეს სახლები. სახლებში არ იყო მათი ფოტოსურათები. ანუ ეს სახლები ფაქტობრივად მათი არ იყო. მესამე საერთოდ რაღაც ნანგრევებში ცხოვრობდა. მათ ჰქონდათ ფულის დასტა - ჰრივნების, დოლარების. პოდპოლკოვნიკმა ალექსანდრ პროკურატმა, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა, ეს ფული თვითონ აიღო, ხოლო დანარჩენი - დოკუმენტები და ტელეფონები - ჩვენ მოგვცა და გვითხრა: „ესენი გაასაღეთო“. მეც წავედი და [ერთი მათგანი] გავასაღე", - ამბობს ვიდეოჩანაწერში ფროლკინი.