პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია.
„ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს“.
„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით.
ჩვენი ურთიერთობა არამხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს.
ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა.
უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხიდი არამხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი.
მან მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომლის მხრიდანაც ხიდის მშენებლობისთვის 7 მლნ ევროზე მეტი გამოიყო.
„მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი არამხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი.
დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, უკვე აშენებული გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც 2 წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.
ასეთი მასშტაბური პროექტების კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების ხიდის ფუნქციონირებაც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადგომა.
ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. შეიძლება ითქვას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ.
ეს ხიდი გვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს ქვეყნებს, მთლიანად რეგიონს, ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას მოგახსენებთ, ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობას, ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და წინსვლას. დიდი მადლობა!“, - განაცხადა პრემიერმა.