უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება სამუდამოდ იტყვის უარს რუსეთთან მოლაპარაკებებზე, თუკი მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების „სასამართლო პროცესი“ გაიმართება. ამის შესახებ მან 22 აგვისტოს ღამით გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია აბსოლუტურად გასაგები იქნება. თუ ეს საძაგელი „სასამართლო პროცესი“ შედგება, თუ ჩვენს ხალხს ყველა შეთანხმების, საერთაშორისო წესის დარღვევით ამ დეკორაციებში შეიყვანენ... ეს იქნება ის ხაზი, რომლის მიღმაც ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი თავს მოიწყვეტს მოლაპარაკებებისგან, საუბარი აღარ იქნება, ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მარიუპოლში, რომელიც რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარება, რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, „აზოვის პოლკის“ მებრძოლების სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან. აგვისტოს დასაწყისში Life-მა გამოაქვეყნა ვიდეო მარიუპოლის ფილარმონიიდან, სადაც მომავალი სასამართლო პროცესისთვის, ბრალდებულებისთვის ლითონის გალიები აშენდა.
უკანასკნელად რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა პირისპირ მოლაპარაკებები მარტის ბოლოს სტამბულში გამართეს. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. მაისში დელეგაციებმა შეაჩერეს მოლაპარაკებები და ერთმანეთი პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულეს.