23 აგვისტოს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე სამიტში 60-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, 40-მდე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
მისი თქმით, ყირიმის პლატფორმა ნამდვილად გლობალური გახდება 2022 წელს. მისი გეოგრაფია გაფართოვდება, კერძოდ, აფრიკის კონტინენტისა და ატლანტის მეორე მხარის ქვეყნების გამო.
კულებას მიაჩნია, რომ ყირიმის პლატფორმის სამიტი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, ფართომასშტაბიანი ომის ფონზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყირიმის დაბრუნება პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.
„ეს არის ამოცანა, რომელსაც ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ. სამართლიანობა აღდგება და ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინა", - განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, უკრაინის კონტროლის ქვეშ ყირიმის დაბრუნება უზრუნველყოფს მთელი შავი ზღვის რეგიონის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას.
„მთელი მსოფლიო უკრაინის მხარესაა ყირიმის დაბრუნების საკითხში“, - აღნიშნა კულებამ და დაამატა, რომ ხსენებულ ფაქტს სამიტის მონაწილეთა რაოდენობის მესამედზე მეტით ზრდა ადასტურებს.
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს, „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს დაესწრება.
ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, „2022 წლის 23 აგვისტოს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას.
ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეები, რომლებიც 23 აგვისტოს ონლაინ შეიკრიბებიან, აზოვის ზღვის, ასევე, შავი ზღვების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები და ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია.