თურქეთი არ აღიარებს ყირიმის ანექსიას და ამ ნაბიჯს უკანონოდ მიიჩნევს, თურქეთის ლიდერმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიმართა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს სამართლიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე.
მისი თქმით, ანკარა დიდ ძალისხმევას დებს დიპლომატიური არხების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, რისი გამოვლინებაც იყო თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა ანტალიაში, ასევე - რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მნიშვნელოვანი და კონკრეტული წარმატება უწოდა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას.
„18 აგვისტოს, ლვოვში ჩვენი ვიზიტისას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ თურქეთის პოზიცია. თუმცა იმპულსის შენარჩუნება და მისი გრძელვადიან შედეგებად გადაქცევა, დიდწილად თავად მხარეების მშვიდობიან ნაბიჯებზეა დამოკიდებული. თურქეთი მოწოდებულია, გადადგას ნაბიჯები უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.