ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. კოლეგების მსგავსად ფონ დერ ლაიენმაც დაადასტურა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.
„ევროკავშირი დაუღალავად მუშაობს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ დარღვევების გამოსააშკარავებლად, იმისთვის, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ და იმისთვის, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მსხვერპლებს. ღრმად შეშფოთებული ვართ ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევით, ადამიანების გაუჩინარებით, წამებით, მკვლელობებით, ყირიმელი თათრების სიკვდილით დასჯით, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ადვოკატების დაშინებით. ეს არის პუტინის ოკუპაციის ბნელი რეალობა.
ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენი სანქციები მნიშვნელოვნად არყევს პუტინის ომის მანქანასა და რუსეთის ეკონომიკას“, - აღნიშნა ლაიენმა.
,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.