ენტონი ბლინკენი: ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს ანიჭებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნი ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მიერ კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერის დანიშვნის შესახებ, განცხადება გააკეთა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ამიჭებს. 

„ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადევაში. 

Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფილიპ რიკერთან, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.

„ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს.

რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europe Time დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება.

ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა.

მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.