აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გაფრთხილებით გამოვიდა, რომ რუსეთის ქმედებებმა ატომურ ელექტროსადგურზე, ბირთვული ინციდენტის რისკი გაზარდა.
„რუსეთმა ბირთვული ინციდენტის სერიოზული რისკი შექმნა, რომელიც შეიძლება, არამხოლოდ უკრაინის ხალხსა და გარემოს დაემუქროს, არამედ, გავლენა მოახდინოს მეზობელ ქვეყნებსა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებაზე“, - განაცხადა CNN-ის ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.
ბონი ჯენკინსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ქარხნის ირგვლივ.
ჯენკინსის თქმით, ის ვერ დაადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სადგური გათიშულია ქსელიდან, თუმცა აღნიშნავს, რომ ადეკვატური წვდომის არარსებობა პრობლემას ქმნის.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ნებისმიერი აქტივობით, რომელიც მიმდინარეობს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ადეკვატური წვდომა იმის დასანახად, თუ რა ხდება რეალურად და როგორი შეიძლება იყოს იქ მიმდინარე მოვლენების მყისიერი გავლენა“.
უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ Energoatom განაცხადა, რომ ბოლო ხაზი, რომელიც აკავშირებს ზაპორიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინულ ქსელთან, რუსეთის დაბომბვების შედეგად გაითიშა. რუსული საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, შეფერხებების შემდეგ, ზაპოროჟიეს რეგიონის ყველა ქალაქსა და რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის გერმან გალუშჩენკოს თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლები შესაძლოა, უახლოეს დღეებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მისიით შევიდნენ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მისიისთვის ემზადება და 5 სექტემბრამდე ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მონახულება სურს.