მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და ევროკავშირში მისი გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.
მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უსამართლო ომი მკაფიოდ გვაჩვენებს თავისუფლების ფასს.
კიშინიოვში, ეროვნული საბჭოს მოედანზე მოლდოვის დამოუკიდებლობის 31-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მაია სანდუმ ასევე განაცხადა, რომ
„ეს ომი დასრულდება და შევძლებთ, ამ კრიზისებიდან გავიდეთ უფრო გაძლიერებულები. წელს მოლდოვა გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. მოლდოვა მხოლოდ ევროპული ქვეყნების ოჯახში შეძლებს, იყოს რეალურად ძლიერი და დაიცვას თავისი მოქალაქეები", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მოლდოვას გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან და ომის დაწყების შემდეგ ასი ათასობით უკრაინელი მიიღო. რუსეთს მოლდოვის სეპარატისტულ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ დნესტრისპირეთის რეგიონში 1500-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული.
სანდუსთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა და პარლამენტის სპიკერი, იგორ გროსუ.