კიევი: უკრაინულმა სამხედროებმა ხერსონში რუსეთის ძალების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს

უკრაინული ოპერაციული ჯგუფის „კახოვკას“ წარმომადგენლებმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ, რუსმა ჯარისკაცმა თქვა, რომ უკრაინელმა ჯარებმა 29 აგვისტოს „გაარღვიეს თავდაცვის პირველი ხაზი და ახორციელებდნენ დარტყმებს ყველაფრით, რითაც შესაძლებელია - ტანკებიდან, თვითმფრინავებიდან, არტილერიიდან“.

„კახოვკას“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის 109-ე პოლკმა უკან დაიხია პოზიციებიდან, ისევე როგორც რუსი მედესანტეებმა, რომლებიც DPR დანაყოფებს მხარს უჭერდნენ.

გამოცემა „ჰრომადსკეს“ იტყობინება, რომ ინფორმაცია 109-ე პოლკის გარღვევისა და გაყვანის შესახებ მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ ნაწილში სამმა წყარომ დაუდასტურა.

„სამხრეთის“ სარდლობის პრესსამსახურის უფროსმა ნატალია ჰუმენიუკმა ასევე განუცხადა „ჰრომადსკეს“, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხრეთ უკრაინის ბევრ რაიონში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს.