საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება საჭირო აღარ იქნება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველო ერთიან ევრო გადახდის სივრცესთან (SEPA) შეერთებისთვის ემზადება.
„ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ეროვნული ბანკი ჩართულია, ეკონომიკის სამინისტრო, სხვადასხვა სამთავრობო უწყებები და საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც გადაეგზავნება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი სამი კანონპროექტი, უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი ცვლილებები უნდა ასახოს კანონმდებლობაში, რაც ასევე ძალიან პოზიტიური იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
SEPA (Single Euro Payment Area) არის ევროკავშირის და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრიც არის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი. ის თანხის დაბრკოლებისა და შუამავლის გარეშე გადარიცხვის საშუალებას იძლევა.