რუსეთის ჯარმა, აშშ-ის სარაკეტო სისტემა HIMARS-ების ხის მულაჟებზე (საგნის ნატურალური ზომის მოდელი) სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ Washington Post-ი ამერიკელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ხის მულაჟები ნამდვილი HIMARS-ებისგან რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ვერ გაარჩია.
„უპილოტო აპარატებმა HIMARS-ების მდებარეობის შესახებ ინფორმაცია შავ ზღვაში საკრუიზო რაკეტების მატარებლებს გადასცეს. „ცრუ სამიზნეზე დარტყმების განსახორციელებლად, რუსეთმა 10-მდე ძვირადღირებული შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ გამოიყენა“, - წერს გამოცემა უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
ამის შემდეგ კიევმა გადაწყვიტა, გააფართოოს ხის მულაჟების წარმოება.
სწორედ ამას შეიძლება, უკავშირდებოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები HIMARS-ის დიდი რაოდენობით განადგურების შესახებ. „რუსეთმა განაცხადა, რომ გაანადგურა კიდევ უფრო მეტი HIMARS-ი, ვიდრე უკრაინას მიაწოდა“, - თქვა ამერიკელმა დიპლომატმა WP-თან.