უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა, უკრაინულ მედიასთან გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ არ მიანიჭა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. სტეფანშინა ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
მისი თქმით, უკრაინის შემთხვევაში პასუხი ცალსახა იყო, რადგან იმ მომენტში, როდესაც საკითხი განიხილებოდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მოქალაქეების 91% ემხრობოდა, თანაც უკრაინის ევროინტეგრაციის კურსი 2014 წლიდან უცვლელია და კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.
„საქართველოსა და მოლდოვას რაც შეეხება, შესაძლოა, იყო საკითხები, რომლებიც საჭიროებდა შეფასებას და არ იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ მომავალში ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისით ისეთივე პროგნოზირებადი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ამას საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად არ ცვლიან პოზიციას, თუმცა ისინი რიგი პოლიტიკური პროცესების მძევლები არიან“, - განაცხადა სტეფანიშინამ.
მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც საქართველოს რეფორმების თვალსაზრისით აქვს, შესაძლოა, გარკვეული შიდაპოლიტიკური კონფლიქტებით განადგურდეს. „ჩვენთვის სამწუხაროა ამ პროცესების ყურება, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც უკრაინასთან ერთად ერთ პაკეტში ყოფნა სურთ, იმ მაღალ სტანდარტს უნდა შეეფერებოდნენ, რა სტანდარტსაც უკრაინა აკმაყოფილებს“.
ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ კიევს არასოდეს განუხილავს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები ურთიერთდაკავშირებულად, მაგრამ ევროკავშირისთვის ასეთი პაკეტური გადაწყვეტილებები ტრადიციაა.
სტეფანშინა დარწმუნებულია, რომ მოლდოვა უკრაინის ევროინტეგრაციას არ შეანელებს და მოხარული იქნება, თუ მოლდოვას ევროკავშირში უკრაინასთან ერთად მიიღებენ.
თუმცა ოლგა სტეფანიშინა ხაზგასმით ამბობს, რომ უკრაინას არ სურს, ევროკავშირის გაფართოების „ბალკანურ“ პაკეტს შეუერთდეს.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.