სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი, - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.
მისივე თქმით, მზად არის შეამციროს საკუთარი უფლებამოსილების ვადა.
„სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, შევამცირო ჩემი უფლებამოსილების ვადა და რიგგარეშე არჩევნებზე ვიყარო კენჭი“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, თოყაევი გამოვიდა ინიციატივით, საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდოს, მეორე ვადით არჩევა კი აიკრძალოს.
მისივე თქმით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც უნდა გაიმართოს.
ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების კი, 2025 წელს იყო დაგეგმილი. თოყაევი ხელისუფლებაშია 2019 წლიდან.
თოყაევმა ყაზახეთში იანვარში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ამნისტიაც გამოაცხადა. ამნისტია მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულებს არ შეეხებათ.