დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის წვრთნებში, 50,000 რუსი ჯარისკაცის ნაცვლად, სავარაუდოდ, მხოლოდ 15 000 სამხედრო ჩაერთვება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის ხელმძღვანელობით წვრთნები - Vostok 2022, რომელშიც რუსეთის მტკიცებით, 50,000 ჯარისკაცი მონაწილეობს, მოსკოვის შესაძლებლობებს ვერ გააუმოჯობესებს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ასეთი წვრთნები „უპირველეს ყოვლისა რუს ლიდერებსა და საერთაშორისო აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოხდენას ისახავს მიზნად".

„რუსეთი საჯაროდ აცხადებდა, რომ მონაწილეობას მიიღებს 50 000 ჯარისკაცი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წვრთნებში წელს, 15 000-ზე მეტი პერსონალი აქტიურად ჩაერთოს. ეს არის იმ ძალების დაახლოებით 20%, რომლებიც ბოლო წვრთნებში 2018 წელს მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე წვრთნებში („ვოსტოკი“) ჩინეთი, ინდოეთი, ბელორუსი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ. 

მედიის ცნობით, სწავლებაში ასევე არიან ჩართულნი ალჟირი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, ნიკარაგუა და სირია.