დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: Vostok 2022 რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობებს ვერ გააუმჯობესებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, Vostok 2022 რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობებს ვერ გააუმჯობესებს. მისივე თანახმად, წვრთნებში, დაგეგმილი - 50 000 ჯარისკაცის ნაცვლად, რუსეთმა 15 000 სამხედრო ჩართო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ასეთი წვრთნები „უპირველეს ყოვლისა რუს ლიდერებსა და საერთაშორისო აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოხდენას ისახავს მიზნად".

„რუსეთი საჯაროდ აცხადებდა, რომ მონაწილეობას მიიღებს 50 000 ჯარისკაცი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წვრთნებში წელს, 15 000-ზე მეტი პერსონალი აქტიურად ჩაერთოს. ეს არის იმ ძალების დაახლოებით 20%, რომლებიც ბოლო წვრთნებში 2018 წელს მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე წვრთნებში („ვოსტოკი“) ჩინეთი, ინდოეთი, ბელორუსი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ. 

მედიის ცნობით, სწავლებაში ასევე არიან ჩართულნი ალჟირი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, ნიკარაგუა და სირია.