მედია: ევროკავშირი უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გაუწევს

ევროკავშირის ეკონომიკის მინისტრები მომავალ კვირას, პრაღაში, მაკროფინანსური დახმარების პაკეტის მხარდასაჭერად, პოლიტიკურ დეკლარაციას მოაწერენ ხელს. იტყობინება ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა Euractiv-ი.

ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, უნგრეთის გარდა, გრძელვადიანი სესხების სახით, დამატებით, 5 მილიარდი ევროს გამოყოფას დაეთანხმა. წყაროების ცნობით, მიუხედავად უნგრეთის მთავრობის წინააღმდეგობისა, კომისია აპირებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადება წარადგინოს.

შესაბამისად, მომავალი კვირის ბოლოს, ევროკავშირის ეკონომიკის მინისტრები, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ პოლიტიკურ დეკლარაციას 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების (MFA) მხარდასაჭერად.

როგორც ცნობილია, 5 მილიარდი ევროს დახმარება მაისში გამოცხადებული 9 მილიარდი ევროს პაკეტის ნაწილია.