ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის მზადაა.
„კარგად ვართ მომზადებული, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მიერ გაზის ექსტრემალურ გამოყენებას იარაღად. ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების, მოვუწოდებთ რუსებს, შეასრულონ კონტრაქტები, მაგრამ ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, მზად ვართ რეაგირებისთვის“, – განაცხადა ჯენტილონიმ.
რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.
რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის.
ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს.
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან.