„განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ერთ დღეს, საქართველო იყოს ერთიანი“, - ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რათა გავიხსენოთ თუ რა გამოიარა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე. ეს ჩვენთვის არის გაკვეთილი, რომლისგანაც უნდა ვისწავლოთ. სწორედ ამიტომაა ჩვენი დელეგაციისთვის ვიზიტის აქ დაწყება ასეთი მნიშვნელოვანი.
ჩვენ უნდა გავიხსენოთ, თუ რას გადიხართ ყოველდღიურად, ეს ასევე ასახავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ერთ დღეს საქართველო იყოს ერთიანი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა დევიდ კრამერმა „რუსთავი 2-ის“ ცნობით.