აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვა თბილისში მიმდინარე კონფერენციის, „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა გააცნო. წრილში ხაზგასმულია, რომ აშშ არასდროს შეწყვეტს რუსეთისგან იმის მოთხოვნას, რომ შეწყვიტოს საქართველოს 20%-ის ოკუპაცია.
მისივე შეფასებით, ახლა განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება და ის, რომ მან დაიკავოს ღირსეული ადგილი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა.
ბუშის თქმით, ამჟამად მსოფლიოსთვის გამოწვევებით სავსე დროა, მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს.
„ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა საფრთხეები მოდის მოსკოვის რეჟიმისგან. ერთი რამ წლების განმავლობაში უცვლელი რჩება: ქართველი ხალხის სურვილი და ვალდებულება იცხოვროს თავისუფლად და წაიყვანოს ქვეყანა ისეთი ინსტიტუტებისკენ, როგორიცაა, NATO და ევროკავშირი.
ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და მოსკოვმა პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მაშინაც კი, როდესაც ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება თქვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველოს წარმატება და ის, რომ მან დაიკავოს ღირსეული ადგილი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ფონზე“, - ციტირებს ჯორჯ ბუშის სიტყვებს კრამერი.
„ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი მებრძოლები მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წერილში.
5-6 სექტემბერს თბილისში საერთაშირისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!“ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ არიან. თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკვე მეექვსედ ტარდება.