ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირველ მიმართვას ავრცელებს. მისი შეფასებით, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის.
„საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა არის. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა.
ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის.
ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა“, - აღნიშნულია ელჩის მიმართვაში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში მუშაობის დაწყებამდე, ელჩი ჰერჩინსკი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატს ხელმძღვანელობდა. მანამდე მას ბრიუსელში პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის, ნიუ-იორკში გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობები ეკავა.
პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა.