საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2022 წლის 29 აპრილს დამტკიცებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებულ ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მიმდინარე კვირას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო პაკეტები: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ პროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტების შემუშავება და მისი დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის და ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულების აუცილებლობით.
„SEPA-ში გაწევრება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით“ - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
საკანონმდებლო პაკეტებს განიხილავენ საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები.
ერთიანი ევრო გადაიხდის სივრცეში საქართველოს გაწევრების საკითხზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, 2021 წლის 26 მარტს საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 29 აპრილს დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივები, რაც საჭიროა საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებისთვის.