საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ესმოდეს, რომ პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს, რომელიც ხელს უშლის პროცესებს და საფრთხეს უქმნის მიზნების შესრულებას.
მისივე თქმით, დეპოლარიზაცია ინკლუზიური პროცესია. ბორელმა მოუწოდა ყველა პარტიას, ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან მისი შეფასებით, ეს არის ისტორიული მომენტი და შესაძლებლობა.
„პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. მაგრამ როგორც ცხოვრებაში, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ზედმეტი პოლარიზაცია იწვევს დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის პროგრესს.
ჩვენ გვჭირდება გარკვეული პოლარიზაცია, რათა ვაჩვენოთ განსხვავებული მიდგომა და ეს ნორმალურია, ეს დემოკრატიაა, მაგრამ ამ პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს, რომელიც ხელს უშლის პროცესებს და საფრთხეს უქმნის მიზნების შესრულებას.
მე არ ვაპირებ საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების შეფასებას, მაგრამ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას ესმოდეთ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობებს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.