ასოცირების საბჭო: საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად

ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. ამასთან დაკავშირებით, ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.

  • საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად.

ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, - გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა.

ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში.

ასოცირების საბჭო მიესალმა კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას, რის შედეგადაც 2021 წელს საქართველოს მშპ გაიზარდა 10.4%-ით და ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის პირველ თვეებშიც. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ევროკავშირის წვლილი 2020-2021 წწ. საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობასა და საერთო მედეგობაში.

  • ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საერთო ამბიციას, რომ გაიზარდოს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის სავაჭრო ბარიერების, მიზნობრივად, შემდგომი გაუქმების გზით.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების საგზაო რუკის პირველი ფაზით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის დავების გადაწყვეტის ახალი ორგანოს ჩამოყალიბებას, რამაც შედეგად ბაზარზე გაზრდილი წვდომა მოუტანა მას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობასა და საერთო ინტერესს ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული სექტორი, და განმეორებით აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შეთანხმებული საფლაგმანო ინიციატივების პოტენციალი.

  • ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდებაში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა შავი ზღვის მნიშვნელობა.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინტერესს ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში გაწევრიანების კუთხით და გამოხატა სურვილი, დაეხმაროს საქართველოს კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ევროკავშირი ასევე მიესალმა საქართველოს დაინტერესებას ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო (Fiscalis) პროგრამებთან.

  • ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ნაბიჯებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში და მოუწოდა მას, გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა, მათ შორის თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის გადაჭრისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ევროკავშირი მიესალმა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულებას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც რეგიონული ფორმატის, მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ რეალობებთან მისი ადაპტირების საჭიროებას.

ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ძლიერ ჩართულობას „ერასმუს+“, „ჰორიზონტი ევროპის“ და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამებში.

სხდომას თანა-თავმჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.