ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

ამასთან დაკავშირებით, ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

„დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს. ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა 2022-2030 წწ. სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ევროკავშირმა განმეორებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი დისკუსიები ქმნის კარგ შესაძლებლობას ინკლუზიური მიდგომისათვის და ყველა ძირითად აქტორთან სათანადო კონსულტაციების საწარმოებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.