თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სერბიაში ვიზიტისას უკრაინაში შექმნილი ვითარება შეაფასა.
„თურქეთი, უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით, დაბალანსებული პოლიტიკის მომხრეა და ასე იქნება მომავალშიც. ანკარა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. თუმცა მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ომი სწრაფად არ დასრულდება“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, ვინც რუსეთს სერიოზულად არ აღიქვამს, ცდება. „რუსეთი არ არის ასეთების რიცხვში“.
ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მიმართებით, დასავლეთის მიდგომებს არ ეთანხმება.
„ღიად ვამბობ, რომ [რუსეთ-უკრაინის] ომთან მიმართებით, დასავლეთის პოზიცია მცდარია. სახეზეა დასავლეთის ქმედება, რაც მხარეების პროვოცირებაზეა დაფუძნებული. აცხადებენ სამხედრო მხარდაჭერაზე. თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთში ბევრია ჯართად ქცეული იარაღი, რასაც უკრაინაში გზავნიან“, -აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ სანამ არსებობს საომარი მოქმედებების პროვოცირების პოლიტიკა, სამშვიდობო ინიციატივების ეფექტურობა მინიმალურია.
„შეგიძლიათ გითხრათ, რომ ამ მომენტში ერთი მხარე იმარჯვებს? არა! ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებულები, მაგრამ ბევრია დამარცხებული. უამრავი ადამიანი იღუპება და ფინანსურ მხარეზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.