გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსი ოფიციალური პირები აკვირდებიან და კოორდინაციას უწევენ „ფილტრაციისა და დეპორტაციის ბანაკებს„, რაც არღვევს ჟენევის კონვენციას.
თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ დაახლოებით 900,000-დან 1.2 მილიონამდე უკრაინელი დეპორტირებულია რუსეთის ტერიტორიებზე, ძირითადად შორეულ აღმოსავლეთში.
„მსურს, მკაფიოდ განვაცხადო: აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკონტროლებენ და კოორდინაციას უწევენ ამ „ფილტრაციის ოპერაციებს“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
მისი თქმით, ამ ყველაფერს საოკუპაციო ხელისუფლება აკეთებს, რათა მოამზადოს უკრაინის ტერიტორიების ანექსია, ყალბი „რეფერენდუმების“ ჩატარება, კერძოდ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას. ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ ამ სისასტიკეების ჩამდენებს. უნდა ვუპასუხოთ, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ - საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც კვლავ პატივს სცემს გაეროს წესდებას“, - შეერთებული შტატების ელჩმა.
მისივე ინფორმაციით, „ფილტრაციის ოპერაციების“ თვითმხილველები და გადარჩენილები ყვებიან ისტორიებს რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი მუქარის, შევიწროებისა და წამების ფაქტების შესახებ.
„მათ ჩამოართვეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და კომუნიკაციის ყველა საშუალება, ჩხრეკდნენ აგრესიულად და დაკითხვას უტარებდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ გარემოებებში. ეს მართლაც შემზარავია“, - განაცხადა გრინფილდმა.