WSJ-ის ცნობით, რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი უკრაინას სანქციების შემსუბუქების იმედით, 1 მილიარდ დოლარს სთავაზობს. გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გაყინული აქტივების და შავ სიაში შეყვანის ფონზე, ალფა ბანკის მფლობელი და სხვა რუსი ოლიგარქები დასავლეთთან გარიგების მიღწევას ცდილობენ.
თავად ფრიდმანი მსგავს შეთავაზებას უარყოფს. WSJ-ის ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ბრიტანეთიც.
„დიდი ბრიტანეთი არ ეთანხმება სანქციების თავიდან აცილებას“, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცემის ცნობით.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პუტინის მხარდამჭერი, ასობით რუსი ბიზნესმენი და ოლიგარქი დასავლეთის სანქციების სამიზნე გახდა.
მიხაილ ფრიდმანი რუსეთის ალფა-ბანკში საკონტროლო წილს ფლობს. ის და მისი ბიზნესპარტნიორები პეტრ ავენი და გერმანი ხანი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში არიან. ამავდროულად, ალფა-ბანკი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი კერძო ფინანსური ინსტიტუტი რუსეთში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შავ სიაშია.