აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს პუტინთან შეხვედრის მიმართ ჯო ბაიდენის ინტერესს.
ამის შესახებ ნულანდმა იალტის ევროპული სტრატეგიის (YES) მე-17 ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ბალის შეხვედრას, მანამდე გარკვეული დრო გავა. ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ პუტინის მიმართ ინტერესს ჩვენი პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ნულანდმა G20-ის სამიტის დროს ბაიდენსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობის კომენტირებისას.
ნულანდის თქმით, მას აქვს ინფორმაცია რომ პუტინი შესაძლოა, ბალიზე ჩავიდეს. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ G20-ის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თავისუფალი სამყაროსთვის.
„თუ ის (პუტინი. - რედ.) გამოჩნდება, ვფიქრობ, G20-ის ლიდერებმა მას ძალიან პირდაპირ უნდა უთხრან თავიანთი ხედვის შესახებ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება უკრაინაში, იმის შესახებ, რომ რუსეთი არღვევს მთელ რიგ პრინციპებს, რომლებიც ასახულიამის მიერვე ხელმოწერილ მთელ რიგ დოკუმენტებში“, - აღნიშნა ნულანდმა.
მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოგზაურობა ინდონეზიაში, G20-ის სამიტზე ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა ფაქტორი, მათ შორის კრემლის ლიდერის უსაფრთხოება.
G20-ის სამიტი, ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება.