პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, ფილიპ რიკერს შეხვდა.
სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული რიგი საკითხები განიხილეს.
ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, აშშ-ის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლს ხაზი გაუსვა.
ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესის აღდგენის აუცილებლობას და პლატფორმის გამოცდილებით სარგებლობას მთიანი ყარაბაღის საკითხის ყოვლისმომცველი მოგვარების კონტექსტში.
მხარეებმა ასევე გაცვალეს აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე.