ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულ სოფელში ნაპოვნ ცხედარებს, წამების ნიშნები აქვს - ხარკოვის პროკურატურა

ხარკოვის საოლქო პროკურატურის გამომძიებლები ოთხი მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალების გარემოებებს იკვლევენ, რომელთა ცხედრებიც კვირას, სოფელ ჟელეზნოდოროჟნოეში (ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით) აღმოაჩინეს.

„მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს სოფლის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლება, ადგილობრივებმა პოლიციას მიმართეს და განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა მათი თანასოფლელები მოკლეს“, - იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება.

შედეგად ოთხი ადამიანის ნაჩქარევად დაკრძალული ცხედარი იპოვეს. ოთხივეს წამების ნიშნები ეტყობა.

გამომძიებლების ინფორმაციით, დაღუპულთაგან სამი კერძო სახლებთან დაკრძალეს, ერთი - ასფალტის ქარხნის ტერიტორიაზე.

ამ დროისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება.