საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ბოლო წლებში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაღალი დონის ვიზიტები.
"განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო. აღინიშნა, რომ საქართველოში არაერთი პროექტია არაბული ინვესტიციით დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია. ითქვა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით მიმდინარე თვეში დაიწყება დიალოგი. პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის.
მთავრობის მეთაურმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ფედერალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე აბდულა ალ მაზრუი, აბუ დაბის განვითარების ფონდის ოპერაციების დირექტორი ადელ ალ ჰოსანი, Dhabi Group-ის მმართველი დირექტორი სამი ედვარდ ადამსი, კომპანია Etihad Credit Insurance – ის აღმასრულებელი დირექტორი მასიმო ფალკონი, დუბაის მრეწველობისა და ექსპორტის კორპორაციის გენერალური დირექტორი საიდ ალ ავადი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.