ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსი სერგეი ბოლვინოვი ირწმუნება, რომ ქალაქ ბალაკლეაში, პოლიციის განყოფილების სარდაფებში და სხვა შენობაში, რუსებმა ოკუპაციის დროს ციხე და წამების დაწესებულება მოაწყვეს.
„ოკუპაციის დროს რუს სამხედროებს ტყვეობაში მუდმივად, სულ მცირე 40 ადამიანი ჰყავდათ. დღეში ორჯერ აჭმევდნენ ფაფას. ისინი ადგილობრივი თანამშრომლების მეშვეობით ეძებდნენ მათ, ვინც მსახურობდა ან ჰყავდა ნათესავები ATO-ში ("ანტიტერორისტული ოპერაცია", ომი დონბასის სეპარატისტებთან 2022 წლამდე - BBC) ისინი ასევე ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც ეხმარებოდნენ უკრაინის არმიას რაშისტების განადგურებაში“, - წერს სერგეი ბოლვინოვი.
ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსის თქმით, ამ ციხეში პატიმრებს აწამებდნენ.
მოკლეს თუ არა ვინმე ამ ციხეში, ბოლვინოვი არ წერს, მაგრამ ამტკიცებს, რომ პოლიციას აქვს ინფორმაცია რუსების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის სიკვდილით დასჯის შესახებ, ბალაკლეადან გაქცევამდე ბოლო დღეს. პოლიცია დეტალებს ამ დრომდე სწავლობს.