საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინა უკრაინას და ქვეყანა სოლიდარულია კიევის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ამასთან, საქართველომ მხარი დაუჭირა რიგ რეზოლუციებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ ვითარებაში, რთული დრო გვაქვს დღეს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, ვინაიდან, რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, 20% ტერიტორიის არის ოკუპირებული.
რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას.
მე ასევე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას, ჩვენ ვართ სოლიდარულები მათ მიმართ, გავაგზავნეთ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ რეზოლუციას, მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერმა.