გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და ბოლო წლების განმავლობაში მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დაინტერესებულია, კიდევ უფრო გააძლიეროს გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობები.
„დიდი მადლობა ბატონო კანცლერო! დიდი პატივია ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბერლინში. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. გერმანია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს, ჩვენს ქვეყანას. გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს.
აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს ბოლო წლების განმავლობაში დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის. ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ქართველი ხალხი არის მადლიერი და ჩვენ ვართ დაინტერესებული, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„როგორც ბატონმა კანცლერმა სულ ახლახან აღნიშნა და ეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, ეს არის ბატონი კანცლერის პოზიცია, ის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ახლაც დადასტურდა აღნიშნული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ამ გზაზე, რომელსაც ეწოდება ევროპული ინტეგრაციის გზა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენი გასავლელია, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს და რომელიც აქ ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა პრემიერმა.