ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2023 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდა. 

არსებული შემაკავებელი ზომები ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და მათთვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.

სანქციები გაგრძელდება 1206 ფიზიკური პირისა და 108 სუბიექტის მიმართ, რომელთაგან ბევრი გამიზნულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მასიურად გააფართოვა.

„ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი უნდა იყოს დაცული. რუსეთი, ბელორუსი და ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე, პასუხისგებაში მიეცემა თავიანთი ქმედებებისთვის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი ურყევია თავის ვალდებულებაში, დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვის უფლების განხორციელებაში და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის აშენებაში“, - ნათქვამია ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.