თურქეთი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მომხრეა, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრ ქვეყნებთან. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს სამარყანდში SCO-ს სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
SCO-ს 22-ე სამიტი სამარყანდში პირველია ორგანიზაციის ისტორიაში, სადაც თურქეთი პრეზიდენტის დონეზეა წარმოდგენილი. თურქეთის ლიდერი სამიტში "სპეციალური სტუმრის" სტატუსით მონაწილეობს.
სამიტის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თავისი ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „თურქეთის, როგორც „ხიდის“ პოზიცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხსნის დიდ შესაძლებლობებს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში: ეკონომიკიდან ენერგეტიკამდე, ტრანსპორტიდან ტურიზმამდე“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მისი თქმით, „დიალოგის პარტნიორის“ სტატუსმა საშუალება მისცა თურქეთს, ბოლო 10 წლის განმავლობაში SCO პლატფორმა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის „ფანჯარად“ გამოიყენოს.
„გლობალური თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთქმედება არის ჩვენი დროის პრობლემებისა და გამოწვევებისგან გამოსავლის გასაღები. ანკარას მიზანია ჰუმანიზმის ღირებულებებზე დაფუძნებული დიპლომატიური ძალისხმევით მშვიდობის სარტყელი ჩამოაყალიბოს როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი მიმდინარეობს.