სომხეთში ვიზიტისას, ნენსი პელოსიმ „აზერბაიჯანის უკანონო თავდასხმები“ დაგმო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ  „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს.

პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში.

პელოსის თქმით, საინტერესოა, რომ სომხეთი იმედგაცრუებულია რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის პასუხით.

შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა.

„ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა.

Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.