აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრცელებს. მისი მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მთავრობა გააგრძელებს თანმიმდევრულ ნაბიჯებს დემოკრატიის განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით.
„სომხეთში დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთის საწინააღმდეგო პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით - ამ და ყველა სხვა თვალსაზრისით, ჩვენ სომხეთის მეგობარი ვართ. ჩვენ აქ ვართ თქვენი მთავრობის პატივისცემის გამო. შარშან ჩატარდა არჩევნები, რომელიც ჩაითვალა თავისუფლად და სამართლიანად. იყო თქვენი შესანიშნავი გამარჯვება საომარ პირობებსა და სხვა გარემოებებში“, – აღნიშნა თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ.
სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობოთ, „ნიკოლ ფაშინიანმა და ნენსი პელოსიმ ისაუბრეს აზერბაიჯანის აგრესიაზე სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანული შენაერთების გაყვანის აუცილებლობაზე“.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესაძლებლობებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე გააგრძელებს აქტიურ წვლილს ორმხრივი მრავალსექტორული თანამშრომლობისა და სომხეთში დემოკრატიის განვითარების მიზნით.
ნენსი პელოსიმ ვიზიტის შეჯამებისას, Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამერიკა სომხეთის გვერდით დგას და ის მსოფლიოს მასშტაბით ავტოკრატიასთან მიმდინარე ბრძოლაში, ყოველთვის მხარს დაუჭერს დემოკრატიასა და თავისუფლებას.