დღეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს დაკრძალავენ.
დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან. ლონდონში გუშინ, 18 სექტემბერს ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. დიდ ბრიტანეთში იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
ლონდონშია საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე დაესწრება დაკრძალვის ცერემონიას.
ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა.
1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო.
1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.