ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს“, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშოტ სმბატიანი საქართველოში სომხეთის ელჩად სექტემბრის დასაწყისში დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან რუბენ სადოიანი შეცვალა.